მარკეტერი განაგრძობს რუბრიკას People და წარმოგიდგენთ ნინო აბსანძეს, კომპანია ფრესკოს გენერალურ დირექტორს. „ფრესკო“ თავის ისტორიას 2012 წლის იანვრიდან იწყებს, როდესაც ვარკეთილში პირველი ჰიპერმარკეტი გაიხსნა. [more]ვინ არის ნინო აბსანძე? - მე ვარ ნინო აბსანძე, მყავს მეუღლე და ვარ ტყუპების დედა. განათლება მიღებული მაქვს ESM თბილისში, ბიზნესისა და ადმინისტრირების კუთხით. დღეს ვარ ”ფრესკო ჯგუფის” გენერალური დირექტორი. როგორია ნინო აბსანძის სამსახურეობრივი გამოცდილება? - მესამე კურსიდან ვმუშაობ სხვადასხვა კომპანიებში, მაგრამ გამოვარჩევ რამდენიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები ჩემი მოწოდება არ არის პირველი სამსახური იყო საინვესტიციო კომპანია, სადაც ვიყავი კორპორატიული ფინანსების ანალიტიკოსი. ჩემი მომდევნო სამუშაო ადგილი ”არტი ჯგუფში” იყო, რომელიც მსხვილი ბრენდების დისტრიბუციაზე მუშაობდა.კომპანია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, მე კი მარკეტინგის ხელმძღვანელი ვიყავი. სანამ ”ზარაფხანა” თანამედროვე პროდუქტს ბაზარზე გამოუშვებდა, ვიყავი კომერციული დირექტორი. მე იმ ჯგუფის წევრად ვითვლები, რომელმაც თანამედროვე და განახლებული პროდუქტი წარმოადგინა ბაზარზე. მომდევნო ჩემი გაჩერება ”საქართველოს ბანკი” აღმოჩნდა, სადაც უძრავი ქონების კომპანიის დირექტორად დავინიშნე. 2012 წლიდან კი 6 თვიანი პაუზის შემდეგ ”ფრესკო ჯგუფს” შემოვუერთდი. ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ წარმატებული ქალბატონის სტატუსს ატარებთ, პირადად თქვენ თუ თვლით, რომ “ფრესკო” თქვენთვის წარმატებაა? მიიჩნევთ თუ არა თავს წარმატებულად? რა არის წარმატება თქვენთვის? - ჩემთვის წარმატება ძალიან შეფარდებითი ცნებაა. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რისი მოწოდება გააჩნია ადამიანს, რა სურვილები ამოძრავებს. როდესაც ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რაც მას სურს, სწორედ მაშინ არის წარმატებული. რაც შეეხება ჩემს წარმატებას, ვფიქრობ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვარ. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ყველაფერს მივაღწიე რისი მიღწევაც მსურდა. თუმცა! იმაზე უფრო წარმატებული ვარ, რაც 10 წლის წინ ვიყავი და იმაზე ნაკლებად, რაც შეიძლება 10 წლის შემდეგ ვიყო. …და როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თავი და კომპანია 10 წლის შემდეგ? ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ”ფრესკოში” მოვედი. ეს არის ჯგუფი, სადაც გაწერილია რა უნდა გაკეთდეს ხვალ, 10 დღისა და ერთი წლის შემდეგ. ჩვენ ვასრულებთ ყველა პირობას. რამდენიმე წელიწადში ჩვვენ გვექნება 10 სავაჭრო ობიექტი თბილისში და გაიზრდება სამუშაო ადგილები. ჩვენ გვაქვს დასახული მიზნები და ეს მიზნები ვიცით, როდის შესრულდება. ჩვენს ჯგუფს გააჩნია სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა ობიექტის მშენებლობას ახორციელებს და რომელსაც მე ვხემძღვანელობ. ქალბატონი, რომელიც ორ სრულიად განსხვავებულ საქმეს ემსახურება და მართავს კომპანიას, სადაც 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წარმოადგენს თუ არა ეს ყველაფერი სირთულეს და როგორ შეასაფასებთ თქვენს თავს? ყველაფერი გამოცდილების დამსახურებაა. ამ გამოცდილებამ მომცა ძალა ვყოფილიყავი ნორმალური ხელმძღვანელი. ადრე ამას ვერ შევძლებდი, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანი ყოველდღე ახალს სწავლობს, მათ შორის მეც. მთავარი არ არის რამდენი ადმიანი მუშაობს კომპანიაში, მთავარია კომპანიას უნდა გააჩნდეს სწორად დაგეგმილი მართვის სტრუქტურა, სტრატეგია, სწორად განაწილებული პასუხისმგებლობა, ფუნქციები და ძლიერი მმართველი გუნდი.ჩვენ ვმუშაობთ მომხმარებელზე. ჩვენთვის ადამიანი, რომელიც ”ფრესკოს” სტუმრობს არის “მეფე” და ჩვენ სურვილი გვაქვს მოვემსახუროთ საუკეთესოდ და შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომ მას კიდევ ერთხელ შემოსვლის სურვილი გაუჩნდეს. ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მოიყვანოს სხვა მომხმარებელი. ”ფრესკო” ორიენტირებულია მომხმარებელზე, ჩვენ ბაზარზე ძალიან დაბალი ფასებით გამოვირჩევით. ძალიან მალე ჩვენი მუდმივი კლიენტებისთვის ფასდაკლების ბარათი ამოქმედდება. თქვენ ჩამოთვალეთ მართვის სტრატეგია, მაინტერესებს რა არის ის ძირითადი თვისებები, რაც თქვენ დაგეხმარათ მიგეღწიათ წარმატებისთვის? ჩემი აზრით ძალიან მიზანდასახული ვარ, ვაკეთებ მაქსიმუმს მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ. ვარ შრომისმოყვარე და მაქვს გაწერილი გეგმა, რამდენ წელიწადში რას უნდა მივაღწიო. ვფიქრობ, სწორად დასახული მიზანი ეს არის შესრულებული საქმის ნახევარი. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ჩამოყალიბებული ურთიერთობები თანამშრომლებთან, პარტნიორებთან. ყოველთვის ვითვალისწინებ, რომ რეალურად ურთიერთობენ და თანამშრომლობენ არა კომპანიები არამედ ადამიანები. …ერთი სამუშაო დღე? თავდაპირველად მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა, დღის ერთ მონაკვეთს ვუთმობ ბიზნესის მართვას, მეორეს კი მის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე იწყება ადრე და ძალიან გვიან სრულდება ეს პროცესი მაინც ძალიან საინტერესოა. თუმცა, ყოველ დასვენების დღეს ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ. როგორი იყო ”ფრესკოს” პირველი ნაბიჯები? როდესაც ”ფრესკოში” მივედი (ორი თვის გახსნილი იყო), თავისთავად ბევრი სირთულე დამხვდა, რადგანაც ის იყო დამწყები კომპანია ბაზარზე. დაგვჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და მონდომება იმისთვის, რომ მომწოდებლები დაგვერწმუნებინა ჩვენ კეთილსინდისიერებაში. წარმატება განაპირობა პასუხისმგებლობამ, რომელიც გააჩნდა მთელ გუნდს და ვასრულებდით ყველა დაპირებას. ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ. თქვენმა ქსელმა განვითარება თბილისის გარე უბნებით დაიწყეთ, რა არის ამ გადაწყევეტილების მიზეზი და როდის ეწვევა “ფრესკო” დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებს? ყველა რაიონს და მომხმარებელს აქვს უფლება ჰქონდეს მაღალი სტანდარტით დაგეგმილი სუპერმარკეტი. როდესაც შევნიშნეთ, რომ ეს რაიონები იყო ნაკლებად ათვისებული გადავწყვიტეთ წარმოება სწორედ ვარკეთილიდან დაგვეწყო. რაც შეეხება თბილისის ცენტრალურ ნაწილს, ოქტომბერში ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალი ჰიპერმარკეტი გაიხსნება. შემოდგომაზე ქსელის კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტი ნაძალადევში დაემატება. ვფიქრობ, კარგ და წარმატებულ ბიზნესს მხოლოდ ადგილი არ განაპირობებს. თბილისში (დაგეგმილი) 10 მაღაზიის გახსნის შემდეგ (ანუ 3 წლის შემდეგ), ჩვენ დავიწყებთ ფიქრს საქართველოს სხვა რეგიონებზე. ასევე ვფიქრობთ, რომ ”ფრესკო” მოხვდეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.“”ფრესკო” ჩემი ოჯახის წევრი და ჩემი მესამე შვილია”. მოხარული ვარ, რომ მომწოდებლები კმაყოფილნი არიან ჩვენი ყველა დაპირებისა და კონტრაქტების დროულად შესრულებით, რითაც განვსხვავდებით სხვა კომპანიებისგან. – ამბობს ნინო აბსანძე. რას ურჩევდით ახალგაზრდებს? იცოდეთ ის, თუ რისი მიღწევა გსურთ; განსაზღვრეთ მიზანი სწორად; არ დაიშუროთ შრომა; აუცილებელია განათლება და სამუშაო გამოცდილება. იხილეთ სტატია ბმულზე19/03/2014http://www.marketer.ge